კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის სახლში გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც ოჯახის ექიმების დატვირთვა გაიზარდა. მზარდი სტატისტიკის ფონზე მოსახლეობა ამბობს, რომ ონლაინ სამედიცინო მომსახურებითაც ვერ სარგებლობენ.
განმარტავენ, რომ 112-ზე დატოვებული შეტყობინების მიუხედავად ოჯახის ექიმების ზარს რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან, ხშირ შემთხვევაში კი ექიმები მაშინ უკავშირდებიან, როცა მათ უკვე ვირუსი დამარცხებული აქვთ. საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ოჯახის ექიმის დაგვიანებულ ზარებს პაციენტებთან ადგილი ჰქონდა ეპიდემიის დასაწყისში, თუმცა ბექა იოსელიანის მტკიცებით, ეს პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.