ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის დროს ტერმინალის მეხანძრე-მაშველი დაშავდა. ტერმინალის ინფორმაციით, მან თვალის ქიმიური დაზიანება მიიღო, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ცეცხლი ტერმინალში ჩამოსაცლელად შესულ, დიზელით დატვირთულ ვაგონს დღეს დილით გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 15 ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ მილის დაზიანება გახდა. დაიღვარა 50 ლიტრამდე საწვავი.
ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს მომხდარი ხანძრის ზუსტ მიზეზებს დაადგენს.
გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.