გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში იგეგმება - EMC

14 ოქტომბერი 2020, 13:57 1259 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გამოიკვლევენ - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს.

EMC–ის ცნობით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძეს პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები.

''EMC - მ, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ,მაისი-სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ითხოვა გიორგი მამალაძისთვის, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარება და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა,თუმცა დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც.

როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას'' - წერია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში