ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს - თორნიკე რიჟვაძე

21 სექტემბერი 2020, 12:34 1544 ნახვა

დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 92 აჭარაში დაფიქსირდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს.

''არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან მნიშვნელოვანი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვა. ეს საშუალებას მოგვცემს მდგომარეობა დასტაბილურდეს. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება და ლაბორატორიული ნიმუშების აღება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ეფექტურად ვმართოთ და არ იყოს უკონტროლო გავრცელება'' - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძე აღნიშნა, რომ არსებული ხარვეზების შესახებ კლინიკების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა.

''მზარდი დინამიკის ფონზე, იყო ერთეული ხარვეზები. მე პირადად ვეცნობი თითოეული მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ვაპირებთ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ერთეული შემთხვევები გვქონდა, როგორც დაყოვნებების, ასევე ლაბორატორიული ნიმუშების დაგვიანების მიმართულებით. ეს ყველაფერი აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს.

ადრე თუ გვქონდა ერთი კლინიკა ახლა გვაქვს 8. გვყავს 1000-ზე მეტი კოვიდინიფიცრებული. ეს არის ძალიან შრომატევადი, ამ ყველაფრის მართვა. პროცესებში ჩართულები არიან, როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია. რომ შევძლოთ ამ პაციენტების მართვა და უკონტროლო გავრცელება შევაჩეროთ. ჩვენი მიზანია ჰოსპიტალურ სექტორში გვქონდეს სრული წესრიგი, ყველა იღებდეს სამედიცინო მომსახურებას და აღმოფხვრილი იყოს დაყოვნებები.

რაც შეეხება საწოლფონდს, სწრაფად მოხდა 500-ზე მეტი საწოლის მობილიზება. იცით, რომ უსიმპტომო პაციენტები გადაგვყავს კოვიდ სასტუმროებში და შესაბამისად რეზერვი არსებობს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მათი მეზობელ რეგიონებში გადაყვანაც გახდეს საჭირო.

"რა თქმა უნდა ეს გამორიცხული არ არის, ვინაიდან იცით, რომ ერთიანი ჯანდაცვის სისტემაა და ერთიანი ჰოსპიტალური ქსელია. რეგიონში სასურველი იქნება, რომ მუდმივად გვქონდეს საწოლფონდის რეზერვი, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა, მეზობელ რეგიონებშიც პაციენტების გადაყვანა. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთ კვირაში იყო უზარმაზარი დაწოლა და მოდინება კოვიდინფიცირებულების და ჩვენი სისტემა, რადგან ადრე დავიწყეთ ამ ყველაფრის მართვა საშუალებას გვაძლევს, რომ მობილიზებულად შევხვდეთ ამ ყველაფერს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში