ბათუმის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ქუთაისის კლინიკაში გადმოყვანილი პაციენტი  მართვით სუნთქვაზეა

17 სექტემბერი 2020, 14:33 4482 ნახვა

ქუთაისში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ინფიცირებული 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდგინდა. იმერეთში ჯამში 1 226 ნიმუში იქნა გამოკვლეული.

ქალაქის ცენტრში აიღეს საველე კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასო ტესტირება უტარდებოდათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის საკარანტინე ზონა გაიხსნება.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასტუმრო "არგო" მიიღებს. ამ დრომდე ქუთაისში ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სამი კლინიკა ემსახურებოდა. ჯამში 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკა ბომონდში“ დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი იმყოფება. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დაემატა. ახალი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან გადმოიყვანეს. კლინიკის სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. რამდენიმე პირს პნევმონია აღენიშნება.

მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი პირი, 78 წლის ქალი, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვს. კლინიკაში ასევე იმყოფება კორონავირუსზე 5 საეჭვო პაციენტი, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ.

„გასული ღამის განმავლობაში კლინიკას ასევე მომართა მშობიარემ, რომელსაც სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ 40 კვირის ორსული, 23 წლის გოგონა კოვიდდადებითი პაციენტის კონტაქტს წარმოადგენდა, კლინიკებმა უარი უთხრეს მიღებასა და მშობიარობაზე. უნდა ითქვას ისიც, რომ მშობიარეს ერთხელ უკვე ჰქონდა ჩატარებული პისიარ კვლევა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, საკონტროლო კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც გოგონას მშობიარობის დროისთვის არ იყო ცნობილი. გოგონამ ჩვენს კლინიკაში იმშობიარა ფიზიოლოგიური გზით. დაიბადა ჯანმრთელი ნაყოფი. დედა და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. დღეს დილით ცნობილი გახდა კვლევის პასუხი და დედას კორონავირუსი არ დადასტურდა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

მკურნალობის კურსს აგრძელებენ პაციენტები ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში. აქ სულ 61 პაციენტი იმყოფება. აქედან 29 ბავშვია, 32 მოზრდილი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი