დღეიდან, 14 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზეა შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, მომხმარებელს კოვიდ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომხმარებელი, მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული.
კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს.
წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.
ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ინფიცირებულია სამი პირი.
''ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდ ინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო. აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.