არეულობა ოკუპირებულ ცხინვალში. ცხინვალის მილიციის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ახლობლები ადმინისტრაციულ სახლთან შეიკრიბნენ. მათ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. „გადადექი“, გასამართლდეს ჯაგაევი“, „დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები“ - ამ შეძახილებით მიმდინარეობდა აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში.
აქციის მონაწილეთა სხვადასხვა ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა. 28 წლის ინალ ჯაბიევი, ოკუპირებულ რეგიონში მოქმედმა ე.წ. სპეცსამსახურმა 26 აგვისტოს, ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით სწორედ მაშინ დააკავა, როცა ცხინვალში „დამოუკიდებლობის“ დღეს აღნიშნავდნენ.
ცხინვალის მილიციის იზოლატორში ჯაბიევს ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ოკუპირებულ ცხინვალში აქციის გაგრძელება იგეგმება დღესაც.