აჭარაში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ შემთხვევას, ინფიცირებულები არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის არის არასრულწლოვანიც.
ინფიცირების პირველწყარო სატვირთო ავტომობილის მძღოლია. კორონავირუსი მოგვიანებით დაუდასტურდა მისი ოჯახის წევრებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის განცხადებით, ისინი იზოლაციაში იყვნენ და შესაბამისად სხვა პირებთან შეხება არ ჰქონიათ. პაციენტები სამკურნალოდ საქართველოს სხვა რეგიონში გადავიდნენ.
ნონა ეფაძის თქმით, ქობულეთში დადასტურებული შემთხვევები საოჯახო სასტუმროს მფლობელის კონტაქტებს უკავშირდება.
''ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი უკავშირდება საკარანტინო სივრცეს და იმპორტირებულია. ოთხი გახლავთ რამდენიმე დღის წინ დადასტურებული საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის ოჯახის წევრი, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ და გუშინ ჩაუტარდათ ტესტირება. ხოლო ორი დაკავშირებულია ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან. პაციენტები კოვიდ ცენტრში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 30 მოქალაქე, მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა მსუბუქია, მხოლოდ რვას აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არა მძიმე.
ერთი კვირაა ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს უფასო ტესტირება, გუშინ 116 პირს ჩატარდა კვლევა, ნაწილი დასრულებულია, დანარჩენის პასუხებს კი დღის ბოლოს ველოდებით'' - უთხრა ჟურნალისტებს ნონა ეფაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.