“სასურველია, ჩვენს ოპონენტებს, მინიმუმ საბიუჯეტო და კერძო პროექტების განსხვავება შეეძლოთ" - ილია ვერძაძე

19 აგვისტო 2020, 17:40 1407 ნახვა

აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექსის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა გააკეთა განაცხადა, რომ ქობულეთში ე.წ მწვანე ქალაქის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყო, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა.

განცხადებას გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე და ოპონენტებს საბიუჯეტო და კერძო საინვესტიციო პროექტების განსხვავებისკენ მოუწოდა. ,,მწვანე ქალაქი“ არის კერძო ინვესტიცია და შესაბამისად არც ერთი ლარი ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან არ ყოფილა გამოყოფილი.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო ''ინტერპრესნიუსმა'' გაავრცელა, რომელსაც მოჰყვა ილია ვერძაძის პასუხი, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

,,ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, ოპონენტების არაკვალიფიციური განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

,,ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 1 ლარად გასხვისდა. ჩვენი ხელისუფლების დროს კი ეს ტერიტორია 6  მილიონ ლარად გაიყიდა, რომელშიც ნახევარი მილიარდის ინვესტიცია ხორციელდება. ეს პროექტი ჩვენი რეგიონის 4 სეზონურად გადაქცევაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პროექტში გათვალისწინებულია 70%-მდე სარეკრეაციო ზონა. 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღე არ გაჩერებულა ამ პროექტზე მუშაობა. ეს არის კერძო კაპიტალი, ის იდება სახელმწიფოსა და ხალხის  განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის“ - განაცხადა ილია ვერძაძემ.

„მწვანე ქალაქის“ პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და პანდემიის მიუხედავად დადგენილ ვადებში ხორციელდება. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი