რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ბათუმში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა. მათ ნაწილს თბილისის კლინიკაში გადაყვანაც კი დასჭირდათ.
მშობლები ყვებიან, რომ დაავადება დიარეით და ღებინებით იწყება, შემდეგ კი რთულდება. ბავშვებს ძირითადად თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ, რამდენიმე მათგანს დიალეზიც კი დასჭირდა. ისინი ბათუმის სამედიცინო დაწესებულებიდან იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
''მეგობრებო, ამას ვწერ რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალეზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავში ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი "Escherichia coli" როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი ეს არ ვიცით.
ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საშინელ ჩხირს რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაატა შარაშენიძემ.
მისი თქმით, ნათესავი უკვე ათი დღეა კლინიკაშია და ამ დრომდე მკურნალობს. ჩვენ მშობლებთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.
იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხეიძე ადასტურებს, რომ აჭარიდან კლინიკაში ნამდვილად შეიყვანეს რამდენიმე არასრულწლოვანი. მათ ბაქტერიული დიარეა აქვთ, თუმცა არცერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს.
''აჭარიდან ამ პერიოდში ბევრი პაციენტია გადმოყვანილი. რამდენიმე მათგანი წევს ურო-ნეფროლოგიურ დეპარტამენტში. ეს არის დაავადება, რომელიც ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს. პაციენტები განყოფილებაში არიან უტარდებათ დიალიზი და არიან მეთვალყურეობის ქვეშ. არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის მძიმე, არც რეანიმაციაში იმყოფებიან. ეს სტანდარტული გართულებაა ამ დაავადების, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. ვერ ვიტყვი, რომ წყალია. ასე, რომ იყოს ერთი წყალმომარაგების ქსელიდან უნდა დაელია ყველა მოზარდს. მაშინ სამი და 4 კი არა ორასი და სამასი იქნებოდა.
მიზეზი არის ნაწლავური-ბაქტრეიული ინფექცია, თუ არის საკვებთან დაკავშირებული ეს შეიძლება იყოს არასათანადოდ გარეცხილი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. არათერმულად შენახული პროდუქტი, მაგალითად ფარში. ასევე ხელების არასათანადო ჰიგიენური დამუშავება. მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს. მსგავსი შემთხვევები გასულ წელსაც იყო'' - განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში 7 ბავშვი გადაიყვანეს. ნონა ეფაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ზაფხულში ყოველთვის აღინიშნება დიარეით მიმდინარე დაავადებების მატება, რომელთა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.
შემთხვევების 5% შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზურ-ურემიული, ე.წ. ჰუს-ის სინდრომით, რომელმაც შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიო და ასეთ დროს საჭიროა დიალიზი.
''ზოგადად ზაფხულის სეზონს უკავშირდება დიარეით მიმდინარე და საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევების მატება. 60-65% ყოველთვის არის ბავშვები. ამ შემთხვევაში წყალს ვერ დავუკავშირებთ, იმიტომ რომ იქნებოდა მეტი შემთხვევა. ეს არის ზაფხულში განსაკუთრებით ბავშვებში ჰიგიენური პირობების დაუცველობა, რაც გასაგებიც არის. აჭარიდან სულ გადაყვანილია 7 ბავშვი, აქედან 4 ბათუმის მკვიდრია, სამი კი მუნიციპალიტეტებიდანაა. აღნიშნულ შემთხვევებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ ნაწლავურ ინფექციებს იწვევს ბაქტერიებით ან ვირუსებით დაბინძურებული საკვების, წყლის ან დაუბანელი ხელებით საკვების მიღება.
''ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია ნაწლავური ჩხირით გამოწვეული ინფექციები, რომლებსაც ზოგჯერ ახასიათებს სისხლიანი განავალი. თუ პაციენტს სისხლიანი განავალი აქვს ის საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. მისი ტიპიური, მაგრამ იშვიათი გართულებაა ჰემორიტიკული სინდრომი, რომელსაც მოჰყვება თირკმლის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ წელსაც იყო ასეთი ერთეული შემთხვევები, ბავშვები გადაგზავნილი იყო თბილისში, მათ სჭირდებოდათ ჰემოდიალიზის ჩატარება, რომელიც ჩვენთან ბავშვთა ასაკში არ ტარდება. თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი ფაღარათი მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საავადმყოფოს, ამ დროს არაფრით არ შეიძლება თვითმკურნალობა ან ანტიბიოტიკომკურნალობა'' - აცხადებს რეზო ნაკაშიძე.
მაუწყებელი დაინტერესდა, რატომ ვერ კეთდება ჰემოდიალიზი ბათუმში? დედათა და ბავშვთა ცენტრში გვითხრეს, რომ ამისთვის საჭიროა ცალკე განყოფილება და სპეციალისტები, რომლებიც არ ჰყავთ. ზოგადად კი შემთხვევები მცირეა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წყლის სინჯები ბოლოს 20 დღის წინ აიღეს და ის სუფთაა.
''წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 60 ნიმუშს ვაგზავნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზაფხულში წყლის ხარისხის კონტროლს, რადგან დამსვენებელი ჩვენს რეგიონში ბევრია. წყლის ხარისხი არის იდეალური, მაგრამ ხშირად მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს არის წყლისმიერი ინტოქსიკაცია რაც არასწორია. ზღვის წყლის სინჯებსაც ვიღებთ, ის საბანაოდ ნებადართულია, მაგრამ დასალევად რა თქმა უნდა არ ვარგა. არის შემთხვევები, როცა ძალაუნებურად გვეყლაპება და შეგრძნება აქვს ხოლმე ინტოქსიკაციის. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს დახლზე დადებული სურსათის - განსაკუთრებით რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორპროდუქტების მიმართ'' - აცხადებენ სააგენტოში.
აჭარის მაუწყებელი ბათუმის წყალს დაუკავშირდა, კომპანიაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი "Escherichia coli" ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.
წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.
საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ.
ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით'' - წერია კომპანიის განცხადებაში.