ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ახალი კანონპროექტი გააცნო, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აჭარის მთავრობას საშუალება ექნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვოს. კანონპროექტი ტბელ აბუსერისძის ორდენის, ღირსების მედლის და სხვა საპატიო წოდების დაწესებას ითვალისწინებს. განსაზღვრულია ფინანსური ჯილდოც. ტბელ აბუსერისძის პირველი ხარისხის ორდენოსანს 5 ათასი ლარი, მეორეს 4, ხოლო მესამე ხარისხის ორდენის მფლობელს 3 ათასი ლარი გადაეცემა. 2 ათასი ლარია განსაზღვრული ღირსების მედალზე, ხოლო ათასი სხვა წოდებებზე. კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებში უკვე გადაიგზავნა. სესიაზე გავა განსახილველად განათლების ხელშეწყობის შესახებ ლადო მგალობლიშვილის კანონპროექტი.