აჭარაში 180-მდე სასტუმრომ შემოწმება გაიარა

14 ივლისი 2020, 19:41 1946 ნახვა

აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 180-მდე სასტუმრომ გაიარა. რეგიონში ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

განთავსების ობიექტების ჩამონათვალი, რომლითაც ტურისტებს ამ ეტაპზე, აჭარაში შეუძლიათ სარგებლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ პორტალ Gobatumi.com-ზეა განთავსებული. სია ყოველდღიურად ახლდება და ეტაპობრივად ახლად შემოწმებული სასტუმროები ემატება.

„რეგიონში ამოქმედებულია ძირითადი ტურისტული ატრაქციებიც. 3 თვიანი პაუზის შემდეგ ბათუმის საბაგიროს მუშაობა განახლდა. ობიექტი, შიდა ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებებს სთავაზობს. მუშაობას აგრძელებს ბათუმის დელფინარიუმიც, სადაც დელფინების შოუები ყოველ სამშაბათს, შაბათსა და კვირას 16:00 საათზე იმართება.

რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ აჭარაში ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. ზღვაზე დასვენებისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის ნებადართულია წყლის აქტივობებიც“, - წერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი