ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით, 1397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დაბინავების პროცესში ჩართულია 20 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ჩაბარების ფასი 1,00 - 1,50 ლარია, ვაშლატამასი კი, 1,40 – 2,00 ლარი.
კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“
„კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამაცივრო მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისათვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს კრეფა, დასაქმებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები. ვფიქრობ, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასებიც მაღალია. ფერმერები კმაყოფილები არიან. ეს არის ჩვენი სისტემური მიდგომის შედეგი. საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, რომ იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ, ამავე დროს, ყველა შესაბამისი რგოლი ჩართულია, რომ პროცესები იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.