საქართველოს პრემიერ მინისტრი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს იყო ემოციური და დინამიური პროცესი, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა. შემდეგი ნაბიჯი კი გამჭვირვალე და ღია არჩევნების ჩატარებაა.
''მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური ემოციური, მაგრამ შედეგი ის არის, რომ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დამტკიცდება.
ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გადავიდეს დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე. რა თქმა უნდა ეს მეტ სტაბილურობას შესძენს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას.
ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ქვეყანაში ღია, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი პასუხიმგებლობაა და ყველანი ერთად უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ.
ეს პროცესი იყო საკმაოდ ემოციური. ყველას კარგად გვესმის, რომ პოლარიზაციის ხარისხიც იყო საკმაოდ მაღალი. მაგრამ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გადავლახეთ ეს წინააღმდეგობები. თითოეულმა ჩვენგანმა, მიუხედავად იმისი რომელ პოლიტიკურ პლატფორმას წარმოვადგენთ პოზიტიური როლი უნდა შევიტანოთ ამ ისტორიულ პროცესში. საბოლოოდ ეს პოლიტიკური ისტორიული პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე არჩევნებით. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება. ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და შესაბამისად ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის მიზანი'' - განაცხადა პრემიერიმა.