აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

10 ივნისი 2020, 12:10 2800 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას აკეთებს. საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სპეციალურ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" წევრების გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იძულებულია გამოეხმაუროს "ევროპული საქართველოს" წევრების გუშინდელ განცხადებას, აქციის მონაწილე ალექსანდრე მილორავასა და შოთა ცაავას შესახებ, სადაც მათ მაუწყებელს მოუწოდეს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. მათი განცხადებით, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავამ 10 თვის წინ, 2019 წლის აგვისტოში დატოვეს პარტია. 

გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თავად ალექსანდრე მილორავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა, აღნიშნულია, რომ პარტია მან და შოთა ცაავამ 3 წლის წინ დატოვეს. ბუნებრივია ისმის კითხვა, მათ შორის ვინ და ვისთვის ტყუის. ღია წყაროებით, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია აღმოჩნდა ორთავე განცხადება არის ჩვეულებრივი სიცრუე, ვინაიდან ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა დღესაც არიან "ევროპული საქართველოს" მოქმედ პარტიულ საკრებულოს სიაში. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ისინი კვლავ რჩებიან პარტიული სიის წევრებად. კერძოდ, ცეესკოს საიტზე 443 გვერდზე ნახავთ ალექსანდრე  მილორავა და შოთა ცაავა #5-ით და #12-ით არიან დაფიქსირებული.

რას ნიშნავს საკრებულოს სიაში ყოფნა? იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ნებისმიერი პირის, რაიმე მიზეზის გამო ჩანაცვლების საჭიროება, ისინი აღმოჩნდებიან საკრებულოში, როგორც "ევროპული საქართველოს" წევრები"- განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

ემზარ პაქსაძე სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიაორგანიზაციებს მიმართავს, გამოხატონ თავიანი პოზიცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის მიუღებლობაზე. 

მისივე თქმით, ასე ტელევიზია დაცული იქნება პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ორკესტრირებული შეტევებისგან.

''ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა რომ  არ წარმოადგენენ პარტიის რიგით წევრებს, ამაზე მეტყველებს საჯარო სივრცეში არსებული, მათთან დაკავშირებული მრავალი მასალა.  წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, ფოტოს - ალექსანდრე მილორავა და გივი თარგამაძე. შემდეგ ფოტოს - ალექსანდრე მილორავა დავით საყვარელიძესთან ერთად. მოგეხსენებათ, ეს ორივე ადამიანი არის  ყოფილი, პარტიის აქტიური წევრები. მათთან კავშირი და ასეთი აქტიური ურთიერთობა ნიშნავს, რომ ისინი არ არიან პარტიის რიგითი წევრები. 

ბუნებრივია, მაუწყებელი ერთნაირად ცემს პატივს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს. სრულად განახორციელებს თავის კანონიერ ვალდებულებას ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ, თუმცა ასევე აქვე შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი პირდაპირ უკრძალავს მესამე პირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, რაიმე სახის ზემოქმედებას მაუწყებლის თანამდებობის პირებზე და  თანამშრომლებზე.

კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან.  მაუწყებელზე ზემოქმედება დაუშვებელია, ხოლო ზემოქმედების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება  ბათილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც და ყოველთვის მზადაა შეხვდეს დაინტერესებულ პირებს, კითხვების შემთხვევაში წარვუდგენთ მათ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების დასაბუთებას.

ასევე გვინდა აღნიშნული განცხადებით მივმართოთ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიაორგანიზაციებს, გამოხატონ თავიანი მკაფიო პოზიცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის მიუღებლობაზე, რათა დაცული ვიქნეთ პოლიტიკური ორგანიზაციების  მიერ ორკესტრირებული შეტევებისგან.

მოცემულ შემთხვევაში ჩვენი განმარტება არ ეხება  კონკრეტულად ''ევროპულ საქართველოს'', ეხება ნებისმიერ პარტიას,  როგორც სახელისუფლებოს, ასევე არასახელისუფლებოს. ვთხოვთ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება ჰქონდეს'' - განაცხადა ემზარ პაქსაძემ. 

''მე მიყვარს ბათუმის'' წევრი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიის შენობასთან მეცამეტე დღეა შიმშილობს. ის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი