კანონიერი ქურდის მხარდამჭერებმა დღეს იუსტიციის სახლიდან სარფის საბაჟოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
აქციის დროს ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და სიტყვიერ დაპირისპირებას.
მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა მსვლელობის დროს ახალსოფელში გზის ერთი ნაწილის ბლოკირება მოახდინეს. პოლიციამ მათ გზის სრულად გასახსნელად 20 წუთიანი ვადა მისცა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მოქალაქეები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევისას სამართალდამცველებმა რამდენიმე მათგანი დააკავეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დაკავებულია 9 პირი. მათ გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
მინდია ლავასოღლის ახლობლები კანონიერი ქურდის გათავისუფლებასა ან ექსტრადირებას ითხოვენ.
15 პირი იუსტიციის სახლთან შიმშილობს.