კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს პატიმრებმაც - ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. მისი თქმით, თბილისისა და ქუთაისის ციხეში ამ ეტაპზე ოთხი პირი შიმშილობს, თუმცა პროტესტის ამ ფორმას მალე სხვებიც შეუერთდებიან.
ადვოკატი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ ზუსტი თარიღის დასახელებას, როდის მოხდება მინდია გორაძის ექსტრადირება.
ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. იუსტიცის სახლთან კი ამ ეტაპზე 14 ადამიანი შიმშილობს, ოთხს კი პირი აქვს ამოკერილი.
''პროტესტი მასშტაბები ფართოვდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მოგვისმინონ და კონკრეტული თარიღი გაგვაგებინონ როდის მოხდება მინდია გორაძის ექსტრადირება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ. რადიკალური ფორმა იქნება ის, რომ სარფის საბაჟოზე გაიმართება აქცია. ამით რა თქმა უნდა შეფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, რაც არ არის მისასალმებელი, მაგრამ მათ გადაწყვეტილია აქვთ ასე იმოქმედონ.
ამიტომ ამ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება, მომდევნო 24 საათში დაგველაპარაკოს. ჩვენ ვითხოვთ მათთან კონსტრუქციულ საუბარს და არა როგორც ისინი იქცევიან, სირაქლემას როლში არიან და არ სურთ საუბარი. ასეთი მიდგომით ისინი პროტესტს კიდევ უფრო გაამწვავებენ და უფრო არევენ სიტუაციას'' - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატი დღეს იუსტიციის მინისტრის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელმაც მას კომპეტენცია დაუწუნა.
''ქალბატონ წულუკიანს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ შეწუხდა და პასუხი გაგვცა, მაგრამ ეს არ არის შინაარსობრივი და არსობრივი პასუხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი არ არის ვინაა უფლებამოსილი, არამედ დიახაც იუსტიციის პრეროგატივაა ტექნიკური და ექსტრადირების საკითხების მოგვარება. დიახ, ეს სწორედ მათი პრეროგატივა და ვალდებულებაა. რაც შეეხება მთავარ პროკურატურას, ჩვენ უკვე წლებია ვთხოვთ მინდია გორაძის ექსტრადიციას, რაც ამ დრომდე არ ხდება'' - განაცხადა ადვოკატმა.