პატიმრის პრობლემა ყოველთვის არის არაკომპეტენტური ადვოკატი - წულუკიანი ლავასოღლის საქმეზე 

04 ივნისი 2020, 13:12 2232 ნახვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ, კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ახლობლები და ოჯახის წევრები შიმშილობენ. ოთხმა მათგანმა პირიც ამოიკერა. ისინი ლავასოღლის გათავისუფლებას ან ექსტრადირებას ითხოვენ. 

ასევე დღეს 15:00 საათამდე მისცეს ვადა იუსტიციის მინისტრს განმარტებების გასაკეთებლად. აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს სთხოვენ დაასახელოს კონკრეტული ვადა, როდის მოხდება პატიმრის საქართველოში გადმოყვანა. 

მინდია ლავასოღლის ახლობლებს მინისტრმა დღეს უპასუხა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ადვოკატს ადრესატი ეშლება. 

''მე ვფიქრობ, რომ ყველა პატიმრის  პრობლემა  ყოველთვის არის არაკომპეტენტური ადვოკატი, რომელსაც გონია, რომ  ქვეყანაში ძველი კონსტიტუცია მოქმედებს და პროკურატურა იუსტიციის მინისტრს ექვემდებარება'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო. 

ლავასოღლი 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი