რა პირობებში ვარჯიშობენ საფეხბურთო სკოლა "მართვეს" აღსაზრდელები

03 ივნისი 2020, 14:18 1776 ნახვა

საფეხბურთო სკოლა "მართვეს" 400-მდე მოსწავლე ქუთაისის 94-ე საფეხბურთო სპორტ ბაზაზე სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვარჯიშობს-აცხადებენ "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები. პარტია ადგილობრივ ხელისუფლებას ვითარების შესწავლას სთხოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა სკოლაში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით სკოლას არ აქვს საშხაპე და ამორტიზირებულია გასახდელები, ასევე მოუწესრიგებელია მოედანი.

ბრიფინგზე ასევე წარმოადგინეს ბაზაზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები.

„აქ ვარჯიში, ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ახალგაზრდებს. არსებულ მოედანზე შესაძლოა მომავალმა სპორტსმენებმა ისეთი ტრავმა მიიღონ, რომ საერთოდ ვეღარ გააგრძელონ ვარჯიში. სკოლას საერთოდ არ აქვს საშხაპე, გასახდელი და ელემენტარული პირობებიც კი. ადმინისტრაციის შენობაზე კი პარტიული ატრიბუტიკა - ქართული ოცნების დროშაა გამოფენილი, სამი ზომით უფრო დიდი ვიდრე საქართველოს სახელმწიფო დროშა, ამასთან დროშები საშინლად ულაზათოდაა გამოფენილი. ხელისუფლება ამბობს, რომ ის ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ებრძვის ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულებას, ლუდომანიას (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას), მაგრამ რეალურად ის რაც ხდება ამ სკოლაში არის ერთი ნათელი მაგალითი იმისა რაც მთელ ქვეყანაში ხდება: სახელმწიფო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაკნინებასა და აბუჩად აგდებას ახალისებს. მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ნუ ელოდებიან არჩევნების მოახლოებას და ტყუილი დაპირებების გაცემას. დროულად მიაქციეთ ყურადღება ახალგაზრდების განვითარების საკითხს“- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ლელოში ამბობენ, რომ საფეხბურთო სკოლა „მართვეს“ ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი ერიცხება. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემა რეალურია. მათივე თქმით, უახლოეს პერიოდში ქალაქის მასშტაბით წლის ბოლომდე 6 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

"ქუთაისში არსებულ თითქმის ყველა სპორტულ სკოლაში ძალიან რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. საკითხის გადაჭრა უკვე დაწყებულია. როგორც წლის დასაწყისში დავაანონსეთ 2020 წელს იგეგმება 6 სპორტული სკოლის სრული რეაბილიტაცია, მათგან ოთხ სკოლაში სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესი გაგრძელდება და მოხდება ყველა სპორტული სკოლის სრული განახლება, რა თქმა უნდა მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი "მართვე"-განაცხადა ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი