საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპირების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯარისკაცები არიან თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი.
„დღევანდელი დღე მსურს მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი. გმირებმა, რომელთაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსკენ სწრაფვა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობის და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას სწორედ ჩვენს გმირებზე და მათ თავგანწირვაზე.
ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ წინაპართა თაობის მიმართ, რომლებმაც 1918 წლის 26 მაისს ხორცი შეასხეს ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას და შექმნეს იმ ეპოქისთვის ევროპაში თვალსაჩინო დემოკრატიული სახელმწიფო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისთვის, უთანასწორო ბრძოლაში გამოჩენილი არაერთი გმირობა საუკუნის მერეც შთაგვაგონებს და გვაძლევს ეროვნული სიამაყის ძლიერ მუხტს.
დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ საამაყო წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას და მებრძოლ სულს ემყარება. თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში.
საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმარცხებლები არიან ახალი გამოწვევის წინაშე.
დამოუკიდებლობის დღე მსურს განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომელთაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.