საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოქალქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან მიულოცა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა პანდემიასთან ბრძოლაში დიდი როლი ითამაშეს.
„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.
თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ვებრძვით გლობალურ პანდემიას, უნდა გვახსოვდეს ის წვლილი რომელიც ქართულმა ჯარმა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებით მართვაში.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან.
„საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი წვლილი.
მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე დაყრდნობით,იმ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ და თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა ცხოვრების ყველა, სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს''- განაცხადა პრემიერმა.