არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, მხარი არ დაუჭიროს. მათი განმარტებით, კანონპროექტით ადამიანის ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვისას პარლამენტის როლის იგნორირება ხდება.
ანალოგიურად ფიქრობენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, მათ მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს. ცვლილებათა პაკეტის ინიცირება პარალმენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ მოხდა, დღეიდან კი მისი კომიტეტებში განხილვა იწყება.