რასაც წერენ, ყველაფერი სიმართლე არ არის, ამბობს ინფიცირებული სპორტსმენი - livepress.ge

06 აპრილი 2020, 12:00 2768 ნახვა

 სპორტსმენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, განცხადებას ავრცელებს. ამბობს, რომ მისი მიზეზით ადამიანები კარანტინში მოხვდნენ, რის გამოც დამნაშავედ გრძნობს თავს, თუმცა განმარტავს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სპორტსმენი "ლაივპრესს" დაუკავშირდა და განცხადების გავრცელება სთხოვა. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, მე ვარ ის სპორტსმენი, სამეგრელოში რომ ვიყავი. პირველ რიგში დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემს გამო კარანტინშია და ნერვიულობენ. ვლოცულობ ყოველ დღე, რომ მათ არაფერი დაუდგინდეთ. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და მე ყველანაირი სასჯელის ღირსი ვარ.. მაგრამ რასაც წერენ და გადმოცემენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. 28-29 მარტს გავჩერდი ჩემი მეგობრის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში, ვისთანაც 20 მარტს მჭიდრო კონტაქტი მქონდა თბილისსში. ვიყავი ზუგდიდში ერთ ოჯახში 1 საათით და ვიყავი წალენჯიხის რაიონის კიდევ ერთ სოფელში საფლავზე, სადაც ჩემს დანახვაზე მეზობელმა შემიპატიჟა სახლში.

საერთო ჯამში კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან. აქედან მჭიდრო კონტაქტი 4 ადამიანთან. ვიცავდი მაქსიმალურად დისტანციას და ვერიდებოდი ახლო კონტაქტს ყველასთან. არ ვყოფილვარ ჩხოროწყუს რაიონში გავლითაც. არ ვარ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, ცხოვრებაში ნამყოფი არ ვარ იქ. არ გადმოვსულვარ აფხაზეთიდან. არ მაქვს მოგზაურობის ისტორია საერთოდ. ვერც წარმომედგინა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ გამაჩნდა არანაირი სიმპტომი საერთოდ. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს, 31 მარტს მეგობარმა დამირეკა, რომელთანაც კავშირი მქონდა 16 მარტს და მითხრა, რომ იმყოფება საავადმყოფოში და ელოდება ტესტის პასუხს. 1 აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი. მე ეგრევე დავრეკე კონტაქტებთან და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში. 3 აპრილს მეც დამიდგინდა covid-19.

ვესაუბრე ყველა შესაბამის ორგანოს კონტაქტების დადგენაზე. ავღნიშნავ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანოების კარგ მუშაობას. თითქმის 1 საათში ყველა კონტაქტი დადგენილი იყო და ამზადებდნენ კარანტინში გადასაყვანად. 4 პირი, ვისთანაც ყველაზე ახლო კონტაქტი მქონდა, შეამოწმეს covid 19-ზე. არცერთს არ დაუდასტურდა. დღეს მეათე დღეა კონტაქტიდან და არცერთ კარანტინში მყოფ პირს არ აღენიშნება სიმპტომები. ცუდი ფაქტი ის არის, რომ ყველა კონტაქტის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. ყველას სახელი გვარი, მამის სახელი და მისამართები დაიდო ინტერნეტში პოსტის სახით. ათასობით ხალხმა ნახა და ანათემას გადასცა ისინი. მე ჩემს თავს არ ვდარდობ, იმ ხალხს რას ერჩოდნენ, ვინც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ?

ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. ყველას მოვუწოდებ ჩემს მწარე მაგალითზე, დარჩით სახლში. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ყველანაირ კონტაქტს. არავინ არ ვართ დაზღვეულები. შეიძლება სიმპტომები არ გქონდეს და ვიყოთ ინფიცირებული, როგორც ჩემ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა მედ პერსონალს და ყველა იმ უწყებას, ვინც ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს... გვფარავდეთ უფალი", - აცხადებს სპორტსმენი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი