რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ - გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე

04 აპრილი 2020, 14:06 6818 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ, გუშინ, 3 აპრილს განაცხადა, რომ  ისევ მზად არიან და ხელისუფლებას სთავაზობენ, რომ პროცედურულად დაეხმარნონ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უფასოდ დააბრუნონ.  ვაშაძემ თქვა, რომ  31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან უფასო ავიარეისების განხორციელების საშუალება იყო, თუმცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები გაიმართოს. ამბობენ, რომ ამის ორგანიზება საგანგებო მდგომარეობის და დაკეტილი საზღვრების გამო, ხელისუფლების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. 

დღეს ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ მინისტრს ბათუმში ჰკითხეს, მიიღო თუ არა თანხმობა ოპოზიციამ  ფრენების განხორციელებისთვის. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს უმარტივესი პროცედურაა და ესეც ვერ შეძლო ოპოზიციამ. 

„რამდენიმე კვირაა, ჭორაობენ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება“, – აღნიშნა პრემიერმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი