მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.