ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტენ

19 თებერვალი 2020, 13:18 4219 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან  გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე"- აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.

"ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება"- აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, 2016 წელს დაანონსდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. 110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც  არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი