ქობულეთის ბიუჯეტის ეფექტიანად გამოყენება არ ხდება, სისუსტეებია დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში - აუდიტი

08 თებერვალი 2020, 12:57 2233 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის ბიუჯეტის გადასახდელები შეისწავლა, რაც  ჯამში 32 497 ათასი ლარია.

აუდიტის დასკვნის თანახმად მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრების ეფექტიანად გამოყენება არ ხდება.

გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესის წარმართვაში არსებულმა მართვის სისუსტეებმა წარმოშვა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზი პროგრამული ბიუჯეტის შედგენასა და საბიუჯეტო კლასიფიცირების მიმართულებით.

დასკვნაში წერია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, რაც მიანიშნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. გარდა ამისა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილიც დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

ტექნიკური ზედამხედველები კი სათანადოდ არ ასრულებდნენ სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

აუდიტის დასკვნაში მოხვდა წყალმომარაგების მხრივ არსებული პრობლემებიც.

„მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს. ქალაქში წყლის გადასახადის ადმინისტრირება ხდება სულადობის მიხედვით, ხოლო სოფლებში საერთოდ არ ხორციელდება. აღნიშნული აუარესებს წყალმომარაგებას და ზრდის მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას“- წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი ავტოპარკის კუთხით არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს და წერს, რომ არსებობს საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისები.

„სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსნილი იყო „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზირებულ ავტომანქანაში როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. შესაბამისად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები”-ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტში საუბარია აიპ-ებში საშტატო რიცხოვნობის არაგონივრულად ზრდაზე. დუბლირებულ პოზიციებზე და საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების კანონდარღვევით ანაზღაურებაზე.

კიდევ რა მიგნებებზე მიუთითებს აუდიტი იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი ქობულეთის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში არასამუშაო დღის გამო კომენტარს არ აკეთებენ. საკრებულოში კი ამბობენ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მხოლოდ თავმჯდომარისა და საფინანსო სამსახურის პრეროგატივაა, თუმცა ისინი ქალაქში არ იმყოფებიან და არც კომენტარის გაკეთება ისურვეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი