''ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი'' - დონალდ ტრამპი

08 იანვარი 2020, 20:33 1656 ნახვა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიდრე ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი. ეს განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

პრეზიდენტის განმარტებით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმალური ზიანი მიადგა ამერიკის ბაზებს. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები შენარჩუნდება.

პრეზიდენტმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.

''ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა დიდი ხნის წინ და ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. სანქციები დარჩება, ვიდრე ირანი არ შეიცვლის კურსს. ირანი საფრთხეს უქმნის ნავთობტანკერებს, თავს დაესხა მათ და ასევე ჩამოაგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავები. ირანი ქმნის ჯოჯოხეთს იემენში, ავღანეთში, სირიაში, ერაყში.

ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერი. ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ათობით ათასი „აისისელი“ მოვკალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამის მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზაზე ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები დაუშვეს.  ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი