ენა, რომელიც უახლოეს 20 წელიწადში შეიძლება გაქრეს - იუნესკოს დასკვნა

09 დეკემბერი 2019, 15:03 7837 ნახვა

აფხაზური ენა შეიძლება უახლოეს 20-წელიწადში საერთოდ გაქრეს - ესაა დასკვნა, რომელიც იუნესკომ, რამდენიმე წლის წინ მოამზად და აფხაზური, გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ სხვა ენების სიაში შეიტანა.

აფხაზური ფილოლოგიის მკვლევარი, მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ გვანცელაძე გვეუბნება, რომ იუნესკოს მიერ დაფიქსირებული საფრთხე რეალურია. ამბობს, რომ აფხაზური შეიძლება საერთოდ გაქრეს, ამაზე ზრუნვა კი, სწორედ ქართული სახელმწიფოს ვალია.

საქართველოს კონსტიტუციით - აფხაზური, ქართულ ენასთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენადაა აღიარებული და მისი  დაცვა კონსტიტუციურად არის განსაზღვრული.  

„გული კი არ მწყდება, გული მტკივა, რომ ასე ნელ-ნელა კვდება აფხაზური ენა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მისი შესწავლით დავინტერესდი. 1971-წლიდან დაწყებული ვმუშაობ ამ ენაზე, მე მიყვარს აფხაზური, მე მიყვარს აფხაზები, ეს ჩვენი მონათესავე ხალხია.  ეს ენა და ეს ხალხი კი ისეთ მდგომარეობაშია დღეს, რომ შეიძლება 20 წლის შემდეგ, უბრალოდ ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანი აღარ დარჩეს.  ენა რომ მოკვდება, კვდება ის სამყარო, რომელსაც იგი ასახავს. ესაა შენი გულის ხმა, ხალხის ფსიქიკა ენაში იკითხება“, - ამბობს ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე.

ამბობს, რომ ქართულ სახელმწიფოს და მაღალჩინოსნებს გულგრილი დამოკიდებულება აქვთ ამ ენის მიმართ.  უმეტესობამ არ იცის, რომ ამ ენას საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მეორე ენის სტატუსი აქვს, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წლიდან არის ჩაწერილი.

დღეს აფხაზური ენა   „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ისწავლება. იქ აფხაზურის შესწავლა 2000 წლიდან დაიწყო და დღემდე, როგორც ცალკე ფაკულტეტი, 19 წელია სასწავლო პროგრამაშია. ამჟამად ამ ფაკულტეტზე 6 სტუდენტი სწავლობს. 

სავალალო შედეგს უწოდებენ ამ ვითარებას ენათმეცნიერები, 1924-წლიდან აფხაზური ენის სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს. ამ ფაკულტეტზე სწავლა უფასოა, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის აფხაზური ენის სასწავლო პროგრამის შესახებ, ზოგი კი თვლის, რომ მათ რეალურად არაქვთ დასაქმების შანსი და ინტერესი ცოტაა ამ ენის შესწავლის. აფხაზური პოპულარული არც ქართველებისთვის და არც საკუთრივ აფხაზებისთვის პოპულარული არ არის.    

როგორი ვითარებაა ამ მიმართულების თავად აფხაზეთში?                                

„აფხაზეთში რუსული ენაა ყველა სფეროში გაბატონებული, თავად აფხაზებიც კი თვლიან, რომ რუსული ენა უფრო პრიორიტეტულია მათთვის, რომლითაც უფრო მარტივად შეძლებენ დასაქმებას და სწავლის გაგრძელებას რუსეთის ფედერაციაში,“ -ამბობს ენათმეცნიერი, თეიმურაზ გვანცელაძე.  

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას, მათივე მიღებულ ე.წ. კონსტიტუციაში უწერია, რომ აფხაზურ ენასთან ერთად,  რუსულია სახელმწიფო ენა.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე, მე-4 კლასის ჩათვლით, ყველა საგანს ასწავლიან აფხაზურ ენაზე, თუმცა  პარალელურად გაძლიერებულად სწავლობენ რუსულს,  რთა აფხაზების ხელოვნური რუსიფიკაცია მოხდეს.  მე-4 კლასის შემდეგ, აფხაზურთან პრაქტიკულად შეხება მოსწავლეებს არაქვთ. საბჭოური, რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგია ის, რომ აფხაზს აფხაზური, მისი მშობლიური ენის ინტერესი არაქვს. როდესაც სასკოლო პროგრამა  გაიძულებს, რუსულად ისწავლო ყველა საგანი, იმას ნიშნავს, რომ აფხაზები გადააჩვიეს საკუთარ ენაზე აზროვნებას და მიაჩვიეს სხვის ენაზე ლაპარაკს და ფიქრს,“ -  ამბობს თეიმურაზ გვანცელაძე.  

აფხაზური ენის გაქრობის საფრთხეზე, აფხაზი ენათმეცნიერი, ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრი" ვიაჩესლავ ჩირიკბაც წერს. ორიოდე კვირის წინ, ერთ-ერთ  ინტერვიუში აცხადებს, რომ "20-წელიწადში სანთლით იქნება საძებარი აფხაზური ენის მცოდნე ბავშვი თავად  აფხაზეთში, ასე თუ გაგრძელდა“ – (Апсадгьыл-инфо, 7 ნოემბერი 2019 წ.)

 

სახარება აფხაზურად - ეს არის ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა. 

რაში გამოიხატება ამ ენის უნიკალურობა?

ენათმეცნიერები ამბობენ, რომ აფხაზური ენა მსოფლიოში სტრუქტურის მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად მიიჩნევა - ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური თავისებურებების სირთულიდან გამომდინარე. აფხაზურმა ენამ არაერთხელ განიცადა მკვეთრი ცვლილება, რომელიც აისახა ამ ენის როგორც ისტორიაზეც, ისე სტრუქტურაზეც.

აფხაზური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, ანუ აფხაზურ-ჩერქეზულ ენათა ჯგუფში აბაზურ, ყაბარდოულ, ადიღეურ და უბიხურ ენებთან ერთად. ამ ენათაგან აფხაზური ყველაზე ახლოს დგას აბაზურთან, რომელთანაც მას იმდენი და იმგვარი საერთო ნიშნები მოეპოვება, რომ წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით შესაძლებელია ამ ორი ერთეულის ერთ ენად მიჩნევა. აფხაზურ ენას ორი ძირითადი დიალექტი აქვს: აბჟუური და ბზიფური. მათ შორის ძირითად სხვაობას, ფონეტიკური თავისებურებანი ქმნიან. აფხაზური და ქართული ენები ერთმანეთის მონათესავე ენებია, მათ საერთო წარმოშობა აქვთ.

აფხაზური დამწერლობის, ძალიან ბევრი სახეცვლილი ვერსია არსებობდა - სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ეპოქაში.  პირველად 1641 წელს ჩაიწერა არაბული ასოებით თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ. მას ასევე ჩაწერილი აქვს სიტყვები ქართულ და ჩერქეზულ ენებზე.

1862-წლამდე აფხაზებს არ ჰქონდათ თავიანთი დამწერლობა. რუსი კავკასიოლოგი, გენერალი პეტრე უსლარი დაინტერესდა ამ ენის კვლევით, სწორედ მან შეუქმნა ამ ენას პირველი დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე. სწორედ პეტრე უსლარის შემდგომ დაიწყო აფხაზური ენის დამწერლობისა და სალიტერატურო ენის ისტორია. დამწერლობა ამ ენაზე რამდენიმეჯერ შეიცვალა: 1926-1937 წლებში მოქმედებდა ლათინური დამწერლობა, 1938-1954 წლებში - ქართული ასოები იხმარებოდა.

ქართულ გრაფიკაზე (მხედრულ ასოებზე) 1938 წელს გადაიყვანეს, სიმონ ჯანაშიამ და აკაკი შანიძემ, ანბანური სტრუქტურა აფხაზ დიმიტრი გულიასთან ერთად შეადგინეს. 1954 წლიდან კვლავ უსლარის მოდერნიზებული დამწერლობა ამოქმედდა და აფხაზები მას დღემდე იყენებენ.

აფხაზურ სალიტერატურო ენას 64 ბგერა მოეპოვება, თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ქართულს, რომელიც რუსული გრაფიკის მიხედვით არის შედგენილი.

საბჭოთა დროს ჩატარებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე,  1989 წელს, ეთნიკურად აფხაზი  83 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს დიდი მიგრაციაა და პრაქტიკულად დემოგრაფიის სერიოზული პრობლემები არსებობს.  დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე, აფხაზთა რაოდენობა დღეს საგრძნობლად შემცირდა და დაახლოებით 50 ათას შეადგენს.    

აფხაზურ ენაზე მოლაპარაკე აფხაზები, ამჟამად ორ დიდ კომპაქტურ ჯგუფად ცხოვრობენ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში -  აფხაზეთისა და  მცირე ჯგუფი აჭარაში

ქალაქ ბათუმსა და მის ახლომდებარე სოფლებში 1 600 ეთნიკურად აფხაზი ირიცხება. აქედან, ძალიან ცოტამ თუ იცის აფხაზური სრულყოფილად.  ფერიის და ბათუმის მე-14  საჯარო სკოლებში აფხაზური ენა ისწავლება, თუმცა არჩევით საგნად. აჭარაში მცხოვრები აფხაზები, ქართულ ენას ანიჭებენ უპირატესობას. 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში