პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარიატზე 1 454 558 დაიხარჯა - 59 000 დოლარი რუსეთში დამზადებული ჭაღი დაჯდა

19 ნოემბერი 2019, 13:01 4760 ნახვა

საქართველოს  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, სულ 2 174 783 ლარი გაიხარჯა, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას. მონაცემებს ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. 

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის  ყველაზე ძვირადღირებულია  რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი დაიხარჯა. 

შესყიდულ ანტიკვარულ ავეჯს (გარნიტურები, ბული, მაგიდა) შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსული - პავლე პირველის პერიოდის (1754-1801) „ბიუროს სეკრეტერი“ - საწყისი ღირებულებით 18 100 აშშ დოლარი.

შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული -  ფრანგული, 6 ერთეული - რუსული,  3 ერთეული ირანული, ხოლო  2 ერთეული - შუა აზიური;

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი).

თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები.

პრეზიდენტის რეზიდენციისთვის  შესყიდულია  120 ერთეული თანამედროვე  სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა,  7 ნათურა).

შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს,  38 ტორშერიდან თითოეულის ფასი -  300-დან 4 000 ლარამდე,  49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან  2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე,  7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

IDFI მიიჩნევს რომ, მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არ არსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი