“ოცნების” ლიდერების გახშირებული თავდასხმები მედიაზე - ქარტიის განცხადება

15 ნოემბერი 2019, 15:32 1465 ნახვა

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო" შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად,  ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე გაამახვილონ ყურადღება. 

ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი გუშინ ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  წამყვანს: “მოგიწოდებთ გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას” - ასე მიმართა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ბაკურიძეს.

ასევე კობახიძემ  ''ტვ პირველის'' წამყვანი კრიტიკული კითხვების პასუხად, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

''შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელევიზიის თანამშრომლები აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების სურვილს ხედავენ უკანასკნელ თვეებში ტელევიზიის მმართველების ცვლილებებში. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან.

ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ,'' - წერია ქარტიის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი