საჩემპიონო განწყობა იქნება ყველა თამაშზე, გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ - ასლან ბალაძე

07 ნოემბერი 2019, 17:41 2838 ნახვა

ხვალ, 8 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა გაიმართება, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ერთმანეთს ბათუმის „დინამო“  ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდებიან. ბოლო წაგებული მატჩისა და ფრეს შემდეგ, ბათუმმა ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაკარგა და 2 ქულით "თბილისის დინამო" უსწრებს. 

იმისთვის, რომ ბათუმი ჩემპიონი გახდეს - დარჩენილი სამივე მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო თბილისის "დინამომ" მინიმუმ ფრე ითამაშოს და ქულა დაკარგოს. თბილისის "დინამოს" კი მატჩების წაუგებლობის შემთხვევაში, ჩემპიონობა გარანტირებული აქვს. 

ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი, ასლან ბალაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ დინამოს ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არიან და ბოლო სამ თამაშზე მაქსიმალურად დაიხარჯებიან. მისი ინფორმაციით, ხვალინდელ თამაშზე ყველა ის ფეხბურთელი დაბრუნდება გუნდში, რომლებმაც ტრავმების გამო, მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვეს. 

"ბოლო ტური წავაგეთ საჩხერეში, ამის გამო ცოტა უხასიათობა იყო გუნდში, მაგრამ ბიჭები პროფესიონალები არიან და ხვალინდელ თამაშში მაქსიმუმს დადებენ. საჩემპიონო განწყობა იქნება ყველა თამაშზე, ყველა თამაში ჩვენთვის ბოლო ტურია. 

რაც შეეხება წინა თამაშზე მწვრთნელობას და გაუგებრობას, სიახლე არაფერია, თუმცა აღარ ვფიქრობთ გასულ თამაშებზე, სამომავლო გეგმები გვაქვს. სიახლეა ის, რომ ტრავმირებული ძირითადი ფეხბურთელები გუნდს უბრუნდებიან და სრული შემადგენლობით ითამაშებს დინამო "ბათუმი". ლევან გეგეჭკორი უბრუნდება გუნდს, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა. ასევე, ტრავმა მოიშუშა ჯიღაურმაც - ცოტა ტრავმით თამაშობდა ბოლო ტურებს, ადამაძეც დაუბრუნდა გუნდს. მოკლედ, ყველა ჯანმრთელადაა და მზად არიან ბოლო სამ ტურში გაახარონ გულშემატკივარი," - ამბობს ასლან ბალაძე.

ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი ჩემპიონობისთვის დარჩენილ ვარიანტებზე საუბრობს, რომელიც მეტოქის შედეგზეა დამოკიდებული. 

"ურთიერთ შეხვედრებით, დინამო "თბილისთან" ერთნაირი ქულებით ვართ, უპირატესობა ჩვენია. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დანარჩენი კი დამოკიდებულია მოწინააღმდეგეს ერთ ფრეზე" - ამბობს ბალაძე.  

ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგაზე 66 ქულით თბილისელები ლიდერობენ, 64 ქულით მეორე პოზიციაზეა „დინამო“ ბათუმი, მესამეზე კი "საბურთალო" 61 ქულით. ჩემპიონატის დასრულებამდე, წინ სამ-სამი მატჩია. 

ბათუმის "დინამოს" შეხვედრა 19 საათზე დაიწყება, მატჩს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი