თუ მიკროავტობუსის მძღოლები ისევ გაიფიცებიან, დავაჯარიმებთ - ბათუმის მერია

01 ნოემბერი 2019, 14:08 1603 ნახვა

№31, №24 და №21 მიკროავტობუსის მძღოლები დილით გაიფიცნენ. რამდენიმე საათში კი, პროტესტი შეწყვიტეს. ისინი ამ დროისთვის ქალაქი ტერიტორიაზე ტრადიციული მარშრუტით მოძრაობენ. 

მძღოლები ფიროსმანის ქუჩაზე 29 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მოძრაობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ხაზზე კიდევ ერთი ნომრის დამატების გამო, მათ მგზავრები დააკლდათ. 

გაფიცულ მძღოლებს ბათუმის მერიის თანამშრომლები შეხვდნენ და გააფრთხილეს კიდეც. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები ისევ გაიფიცებიან და ამის გამო მგზავრებს პრობლემები შეექმნებათ, კომპანია დაჯარიმდება - უთხრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიაში.

საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების გადაადგილება, შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება. ''ეს არის საკრებულოს მიერ დადგენილი ხაზები, რომლებიც ზაფხულში დამტკიცდა. აგვისტოში კი, ამ ხაზებზე კონკურსი გამოცხადდა.  მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ, რადგან კონკურსში მონაწილეობის დროს, მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ'' - ამბობს ემზარ ქავჟარაძე. 

მიკროავტობუსის მძღოლები რამდენიმე თვის წინაც გაიფიცნენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი