ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ.
კონტროლის გამკაცრების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტროში იმით ხსნიან, რომ ხშირ შემთხვევაში კონკრეტული სპეციალობის ექიმების რამდენიმე ადგილზე მუშაობა პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლასთან დაკავშირებით.
"ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.
სამინისტროში ადასტურებენ, რომ არსებული სურათი სისტემაში საკადრო რესურსის დეფიციტის მაჩვენებელია.
"ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში. ამდენად, ჩვენი მოლოდინი ამ შეფასების საფუძველზე ასეთია, რომ სელექციური კონტრაქტირების პირობებში საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ მეტად ოპტიმალურად"- ამბობენ სამინისტროში.
ინფორმაციას ინტერპრესსნიუსი ავრცელებს.