194 უწყების პიარ თანამშრომელთა ხელფასებისთვის  გასულ  წელს  20  მილიონი  ლარი დაიხარჯა

11 ოქტომბერი 2019, 14:14 1285 ნახვა

საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი.  2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული  996 თანამშრომელი იყო, ხოლო 2018 წელს  - 1037-ია.

ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.  მესამე სექტორში ამბობენ, რომ 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია და ეს ტენდენცია ნარჩუნდება.

უწყებებიდან გამოტხოვილი საჯარო ინფრომაციის თანახმად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით,  პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს.  2017 წელს 194 უწყების პიარ თანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში,  18 111 258  ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896  ლარი.

2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას  თავდაცვის სამინისტრო მოსდევს 51 თანამშრომლით.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი