10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „სუიციდის პრევენცია“.
მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
სუიციდი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. იგი 15-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილობის სამიდან ერთ-ერთი, ხოლო 15-29 წლამდე მეორე წამყვანი მიზეზია. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 70-ზე უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ფიქსირდება. თვითმკვლელობის 79% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ხდება.
სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სუიციდი აქტუალური საკითხია.
შშს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ მიმდინარე წლის, 6 თვეში სუიციდს და სუიციდის მცდელობას ადგილი 426-ჯერ ჰქონდა.
2016 წელს, საქართველოში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის (STEPS) მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 16.0%-მა (სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით 18-29 წლის ასაკობრიის ჯგუფის ყველაზე მეტმა წარმომადგენელმა) დაგეგმა თვითმკვლელობის განხორციელების გზები; გამოკითხულთა დაახლოებით 1%-ს კი ოდესმე უცდია თვითმკვლელობა.
ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ფაქტიურად მთელს მსოფლიოში, გარკვეული ტაბუ არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში და, შესაბამისად, თვითმკვლელობის ოფიციალური მონაცემები არასრულფასოვანია: ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, დამალონ შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრები სიცოცხლეს თვითმკვლელეობით ასრულებენ.
მიზეზები, რამაც შეიძლება მოახდინოს თვითმკვლელობის პროვოცირება
სპეციალისტების აზრით სუიციდის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. თუმცა, კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გენეტიკაა.
ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდისადმი მიდრეკილი ადამიანები, შესაძლოა, სხვებზე მეტ სტრეს სრულებითაც არ განიცდიდნენ. თუმცა, მათი ხასიათის გარკვეული შტრიხები პრობლემებთან გამკლავებისთვის ბარიერი ხდება. ასეთ სიტუაციებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ოჯახური პრობლემები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. სუიციდალური ფიქრების და თვითმკვლელობის მიზეზი ხდება.
ფსიქოლოგების მტკიცებით, თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი თვითმკვლელობის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორია.