ვინ დაუდო პრეზიდენტს მაგიდაზე შეწყალების სია? ეს ისევ დღის თემაა. კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია. ირწმუნება რომ, იგი ცილისწამების მსხვერპლია და უფრო მეტიც ამბობს, რომ მასაც აინტერესებს რაზე დაყრდნობით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებები. დღეს ჟურნალისტებმა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ანგი ხუციშვილის სახელიც ახსენეს.
სავარაუდოდ ორივეს უახლოეს პერიოდში პროკურატურაში გამოკითხავენ. ამასთან, უმრავლესობაში არ გამორიცხავენ ქვეყნის პრეზიდენტის გამოკითხვასაც, რადგან როგორც იცით გამოძიებაა დაწყებული. გამოსაძიებელი კი შეწყალებულთა სია გახდა. ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობაში მსჯავრდებულ პირებთან ერთად ნარკორეალიზატორიც შეუწყალებია. უფრო მეტიც იუსტიციის მინისტრმა „მთავარის“ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ შეწყალებულებს შორისაა ყაჩაღობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულიც.