საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით,ჩორჩანას ტერიტორიაზე ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას დაეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურები კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
ირაკლი ანთაძის განცხადებით ბლოკპოსტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ ქართული მხარის გადასაწყვეტია სად განათავსებს საპოლიციო ძალებს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განმარტებით, ნებისმიერი ულტიმატუმი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, არის ცინიზმი და პროვოკაცია.
'' ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება.
ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ აღნიშნული საგუშაგო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც. შესაბამისად ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები ცინიზმით გაჯერებული აბსურდია.
ამ სტანდარტული ბლოკპოსტის მიზანია, ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. გამოსავალი არის კონსტრუქციული პოლიტიკა და დიალოგი. ეს არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ისინი აქტიურად ავრცელებენ საფუძველს მოკლებულ პრეტენზიებს,'' - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. მორიგი შეხვედრა 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება გუშინ შეინიშნებოდა.