საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა. დავით ზალკანიანმა ანტონიო გუტერეშს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და დაკავებებზე. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების გათვალიწინებით, აღინიშნა საკითხის განხილვის მნიშვნელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ამ კონტექსტში მხარეები მიესალმნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.