TV პირველის ჟურნალისტისა და წამყვანის დიანა ტრაპაიძის განცხადებით, პროცესებს პოლიტიკური ელფერი აქვს. ის დღეს სასამართლო სხდომას ესწრებოდა, რომელზეც ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარი შეუფარდეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილიდან გაუსვლელად, საკუთარ თავთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
''მე ვესწრებოდი სასამართლო სხდომას, ეს ძალიან საინტერესო სხდომა იყო. მოსამართლემ იქვე ადგილიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთიანიც არა, საკუთარ თავთან კონსულტაციით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებაა.
ამ ტელევიზიას ყავს 100% წილის მფლობელი, ეს ვახტანგ წერეთელია, რომელიც თავის პოზიციაში ძალიან მყარია. ის ფიქრობს, რომ ეს ტელევიზია უნდა იყოს ისეთი როგორიც დღეს არის.
ჩვენ კიდევ ძალიან მყარი ვართ იმ გადაწყვეტილებაში და პოზიციაში, რომ ვაკეთოთ ეს საქმე ისე როგორ აქამდე ვაკეთებდით. ეს ყველაფერი არ შეიცვლება. მაყურებელს მინდა ვუთხრა, არანაირი სასამართლო პროცესი მათ არ დააზიანებთ. ორ დღეში ეთერს სრული დატვირთვით განვაახლებთ'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დიანა ტრაპაიძემ.
TV პირველის მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ პროკურატურას სურს, გირაოსთვის ოჯახმა ტელეკომპანია ჩადოს, რასაც "ვერ ეღირსებიან".