რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მიტაცებული სახლის მფლობელებს სახელმწიფო დაეხმარება - მინისტრი

19 აგვისტო 2019, 10:25 1498 ნახვა

 გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებს, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახელმწიფო დაეხმარება - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილი განაცხადა, როცა ოჯახებთან შესახვედრად გორში იმყოფებოდა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახემწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიულ გადამზადებასაც იქნა შეთავაზებული.

სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.

„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად მათი სახლები გუგუტიანთკარში დაიბომბა. 

ჩვენი ამოცანა, ზოგადად, ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი. საქართველოში ასეთი სოფელი ასზე მეტია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ხუთ წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც საბაზისო საჭიროებები მოგვარებისკენა მიმართული - წყლის სისტეების მოწესრიგებისაკენ, გაზიფიცირებისაკენ, განათლების დაფინანსებსაკენ, ჯანდაცვის გარკვეული ობიექტების მშენებლობისაკენ, ინფრასტრუქტურის შეკეთებისაკენ და ა.შ. რაც მთავარია, თანდათან გადავალთ იმაზე, რომ სოფლებში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა გაჩნდეს, რათა ადამიანები ამ მიწაზე დამაგრდნენ და ამით გავცეთ საქმიანი, ღირსეული და ყველაზე ქმედითი პასუხი ოკუპაციას .

2013 წლიდან ამ სოფლების დახმარება და სტუდენტების დაფინანსება დავიწყეთ და მათი რიცხვი 2018-2019 სასწავლო წელს ფაქტობრივად სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. მე ვფიქრობ, რომ მართლაც აქ გადის ჩვენი ანტისაოკუპაციო, სამშვიდობო ფრონტის ხაზი. ჩვენი ვალია, რომ მათ გვერდში დავუდგეთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი