არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევაზე, ამას სჭირდება გამოძიება - ირაკლი კობახიძე

11 თებერვალი 2025, 18:32 99 ნახვა

კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, – უპასუხა პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას დუბაიში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს. თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში