„ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია.“- ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების ტენდენციას.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
მათივე თქმით, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია და რომ ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას.