გირაო თუ პატიმრობა -ოქრუაშვილის და კიდევ ორი დაკავებულის პროცესი დაიხურა

27 ივლისი 2019, 21:30 1175 ნახვა

ამ წუთებში სასამართლო„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და გადაწყვეტილების გამოცხადებისას კვლავ გაიხსნება. ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს გირაოს სახით 10 ათასი ლარი შესთავაზა.

მოსამართლემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორის რეპლიკას დარბაზში მყოფი ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ტაში მოყვა.მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომაზე დამსწრე პირები ხმაურის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა და მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლე უფლებამოსილია სხდომა დახუროს. რაც შეეხება პროკურორის რეპლიკას, ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია აქციაზე ბრალდებულებს ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ საუბრობდნენ. ადვოკატის კითხვაზე, თუ რაზე საუბრობდნენ, პროკურორმა თქვა, რომ ეს დასადგენია. სწორედ ამ რეპლიკას მოყვა დარბაზიდან ტაში.

ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. პროკურორები აცხადებენ, რომ არსებობს მათი მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.ბრალდებულ გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატმა სამი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. თორნიკე დათაშვილის ადვოკატმა კი, აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა.   აქციის მონაწილეებს ბრალი ოფიციალურად გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს კი დღეს წარედგინა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში