ე.წ "კორტების" საქმე სახელმწიფომ წააგო-სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

18 ივლისი 2019, 12:39 5618 ნახვა

„ვაზაგაშვილი და  შანავა საქართველოს წინააღმდეგ, სიცოცხლის უფლების ხელყოფისთვის “-საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ  სახელმწიფო სრულად გაამტყუნა. 

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი,  არამატერიალური ზიანისთვის.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ  ე.წ "კორტების სპეცოპერაციის საქმეზე" ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო.

რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველად გამოძიება მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, რაც დაადასტურა კიდეც 2012 წლის 12 დეკემბერს გახსნილი გამოძიების შედეგებმა. მართალია, განახლებული გამოძების შედეგად 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეს მოხდა მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო, დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც.

"ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ-რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა. დასრულდა სახელმწიფოს სრული მარცხით. როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ ფაქტის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო და ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 000 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა."-განაცხადა  სასამართლოს  გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ე.წ "კორტების სპეცოპერაციის" საქმე

ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ სამართალდამცველთა დასჯა მოითხოვეს.

ვაზაგაშვილის ოჯახმა ქართულ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.

საქმის ხელახალი გამოძიება  ქართულმა მხარემ  2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა. იური ვაზაგაშვილი ირწმუნებოდა, რომ  ყველა მტკიცებულება  არსებობს  იმის  ნათელსაყოფად, რომ კორტების სპეცოპერაცია განზრახ მკვლელობა იყო.

მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ უარყო მანამდე გავრცელებული ოფიციალური ვერსია, თითქოს კორტების სპეცოპერაციისას მოკლული და დაჭრილი ახალგაზრდები ყაჩაღური ჯგუფის წევრები იყვნენ.

გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რათა ერთის მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპრილში ნარკოტიკულ დანაშაულის ბრალდებით  დაკავებული მისი ძმის გამო, რომელიც ამ დანაშაულში საშა ხუბულოვმა ამხილა, ხოლო მეორეს მხრივ, „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ ფარგლებში „დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯი დაემკვიდრებია“.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. 

კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასული იყო, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი. დაკავებულებს შორის იყო, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.

ე.წ."კორტების"  სპეცოპერაციის დროს მანქანას 97 ტყვია მოხვდა, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილს 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა და ალექსანდრე ხუბულოვს 9 ცეცხსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა-ორივე ადგილზე გარდაიცვალა; მანქანაში მყოფმა მესამე პირმა, ბონდო ფუთურიძემ კი მძიმე დაზიანება მიიღო.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში