''ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს, რა საფრთხეები მოაქვს მის გადაწყვეტილებას''

11 ივლისი 2019, 13:15 2048 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დონალდ ტუსკის მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს შეტყობინება გაუგზავნეს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და დემოკრატიული სივრცეების შეზღუდვა ქვეყნისთვის სახიფათოა. 

დეპუტატის თქმით, მსგავსმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ევროკავშირთან ურთიერთობები ჩიხში შეიყვანოს.

''მთავარი საკითხი რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას. ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პოლიტიკური დევნა ოპოზიციის წინააღდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი კვირის მანძილზე გრძელდება სახალხო პროტესტი, რომლესაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს. ჩვენი გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს ურთიერთობები ევროკავშირთან.

სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს, გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში.

მე პირადად დავაყენე საკითხი დონალდ ტუსკთან თუ არ იქნება შესაბამისი გამოძახილი საქართველოს ხელისუფლებისა და ივანიშვილისგან, აუცილებელია ევროკავშირმა  სანქციებზე ფიქრი დაიწყოს'' - ამბობს სამადაშვილი. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდა დონალდ ტუსკს და რა უპასუხა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, სალომე სამადაშვილი ასე პასუხობს: ''ევროკავშირს და თავად დონალდ ტუსკს, რომელიც პოლონელი პოლიტიკოსია კარგად ესმის ის გამოწვევები, რაც უკავშირდება დემოკრატიას და ოლიგარქების როლს დემოკრატიულ პროცესში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი