საკონსტიტუციო ინიციატივას მმართველი გუნდი ხვალ წარადგენს

30 ივნისი 2019, 15:20 1034 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე უმრავლესობის წევრთა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების პროცესი ხვალიდან დაიწყება. ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. თავის მხრივ, კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს გადაცემიდან ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს.

ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება. ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში