„თავი არ შეირცხვინო, ჯობია, მრავალჯერადი ჩანთა გქონდეს“ - ამ სლოგანით, კანადაში კომპანიამ პოლიეთილენის მომხმარებელთა "შემარცხვენელი" კამპანია დაიწყო.
მაღაზიათა ქსელმა პოლიეთილენის პარკებზე "შემარცხვენელი" წარწერები გააკეთა, იმისთვის რომ მაღაზიის მომხმარებლებს, ერთჯერადი პარკების გამოყენება "გაუტყდეთ".
წარწერები რიგ შემთხვევებში უხერხული და უხამსიც კი არის. კომპანიის სქემა ასეთია, ვინც პოლიეთილენის პარკით წაიღებს პროდუქტს და თან არ ექნება მრავალჯერადი ჩანთა, ქუჩაში ყურადღების ქვეშ მოექცევა, რადგან პარკის წარწერის მიხედვით, გარეშე პირი იფიქრებს, რომ პარკის მფლობელი "უცნაური ზრდასრულების ვიდეოებით" არის დაინტერესებული ან ამ ტიპის მაღაზიაში ვაჭრობდა.
მაგალითად ერთ-ერთ პარკს აწერია - “Into the Weird Adult Video Emporium” - (გარყვნილთა ვიდეოების სავაჭრო ცენტრი/დაწესებულება).
მეორე პარკის წარწერა კი პარკის მფლობელის პროქტოლოგთან ვიზიტზე მიუთითებს. “The Colon Care Co-Op" - (მსხვილი ნაწლავის სამკურნალო დაწესებულება/ გაერთიანება).
"wart ointment wholesale" - მეჭეჭის მალამო ფასდაკლებით - ეს კი მესამე ვერსიაა, რომელიც პოლიეთილენის პარკს დააწერეს.
მსოფლიო აქტიურად ებრძვის პოლიეთილენის პარკებს, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე, აბინძურებს ოკეანეებს, წყლებს და საფრთხის შემცველია მწვანე საფარისათვის.
საკითხი აქტუალური საქართველოშიცაა. 2019 წლის 1 აპრილიდან, ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი ე.წ. ცელოფნის პაკეტების წარმოება და გამოყენება აიკრძალა. საქართველოში ისე აკრძალეს პოლიეთილენის გამოყენება, რომ ხელისუფლებას ბიოდეგრადირებადი პარკების ამოცნობა ამ ეტაპზე არ შეუძლია, ამიტომ ეფექტი ჯერ ამ მიმართულებით ნაკლებია.
კანადური სუპერმარკეტების ქსელის მსგავსი ინიციატივით, საქართველოში ამ დრომდე არცერთი კომპანია არ გამოსულა.