რიკოთის ახალი, 1 800-მეტრიანი გვირაბი გაიხსნა და ძველი გვირაბის რეაბილიტაცია იწყება

12 აგვისტო 2024, 15:31 526 ნახვა
 
 

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1 800-მეტრიანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი 1 800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

„ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში უკვე დღეს გადაირთვება. ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტრო სისტემით. რა თქმა უნდა, სავინტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვასთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას.

მინისტრის თქმით, დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ძველ გვირაბში განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე, ისაუბრა რიკოთის ჩქაროსნული გზის დარჩენილ სამუშაოებზეც, რომლებიც, მინისტრის განმარტებით, ინტენსიურად გრძელდება.

„დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეილძება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში 52 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში