7 წლიანი მცდელობის შემდეგ, შედგება თუ არა "გომარდული" კურორტად - კიდევ ერთი ტენდერი განვითარებისთვის

07 ივნისი 2019, 16:22 2708 ნახვა

აჭარის მთავრობა 38 830 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს, შუახევის  კურორტ "გომარდულის" ტომოგრაფიული რუკის შედგენისთვისა და მოედნური გეოლოგიური კვლევისათვის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი  16 მაისს გამოაცხადა. 

სამინისტროს სურს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ,  "გომარდული" გეოლოგიური თვალსაზრისით შეისწავლოს. გეოლოგიურად არამდგრადი ტერიტორიებისა და ზვავსაშიში ზონები განსაზღვროს, თუ ასეთი არსებობს ტერიტორიაზე. კომპანიამ უნდა  წარმოადგინოს კლიმატის შესახებ ძირითადი მონაცემები.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროში ამბობენ, რომ ბიზნესის დასაინტერესებლად აუცილებელია რელიეფი შეისწავლონ  და რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.  

"გომარდულს დიდი პერსპექტივა აქვს იმისათვის, რომ ტურისტები არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულის სეზონზეც მიიღოს.  კურორტის  შემდგომი განვითარებისთვის, კომპანიებმა უნდა იცოდეს ინფორმაცია რელიეფის, ზვავსაშიში  ადგილების შესახებ" -  განაცხადა სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ ძნელაძემ.

ტომოგრაფიული რუკის და გეოლოგიური კვლევის შემდეგ,  ჩამოყალიბდება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება სახელმძღვანელო კურორტის შემდგომი განვითარებისათვის - ფირობენ უწყებაში.

ტენდერში განაცხადების მიღება რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. 

2019 წლის მაისში, სამინისტრომ დაიწყო საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას ძიება, რომელსაც რეგიონის სპორტული პოტენციალის შესასწავლად კვლევას დაუკვეთავს - პირდაპირი შესყიდვის ნებართვა მთავრობამ მიიღო. 200 000 ევრო გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითერებისთვის უნდა დაიხარჯოს. 

კურორტი "გომარდული",  7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში,  სამჯერ გაიხსნა. კურორტის მუშაობის მთავარი პრობლემა მიწის გადასახადი იყო, რის გამოც ქონება ბიზნესმენებს  დაყადაღებული ჰქონდათ.  2019 წელს, მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით ქონებას ყადაღა მოეხსნა

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში